ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადება, რომელიც ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის დაგმობას ეხებოდა, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი - ამერიკელების აზრით, ასეთი განცხადება კონტრპროდუქტიული იქნებოდა იმ ფონზე, რომ შტატები აქტიურად მუშაობენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადამ, რომელიც წელს დიდი შვიდეულს თავმჯდომარეობს მოკავშირეებს უკვე აცნობა, რომ ვაშინგტონის თანხმობის გარეშე ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება შეუძლებელი იქნება. 

ერთობლივი განცხადების დრაფტში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა ნათქვამი იყო, რომ ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა დასტურია რუსეთის სურვილისა გააგრძელოს ომი. 

ცნობისთვის, რუსეთის სარაკეტო დარტყმას ტრამპმა შემზარავი უწოდა, თუმცა უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია.

 "მე ვფიქრობ, ეს საშინელებაა. მე მითხრეს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, რომ მთელი ეს ომი საშინელებაა"- თქვა ტრამპმა. 

"ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე თუ ვის შეცდომას გულისხმობდა ტრამპს უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია - "მე ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს, მათ უნდა ჰკითხოთ."