გერმანია და აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესახებ შეთანხმებას უახლოვდებიან. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში გერმანია უკრაინაში ორ ერთეულ Patriot-ის სისტემას გაგზავნის, აშშ კი დათანხმდება ზემოხსენებული სისტემების საკუთარი მარაგიდან ჩანაცვლებას.
ანონიმური წყაროების ცნობით, გერმანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები შეთანხმების დარჩენილ საკითხებზე, მათ შორის, მარაგების ჩანაცვლების ვადებზე შეთანხმებას ახლო მომავალში გეგმავენ. მათი თქმით, შეთანხმების შესახებ განცხადება შესაძლოა ამ კვირის ბოლოს გავრცელდეს.
ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას საკუთარი 12 ერთეული Patriot-ის სისტემიდან 3 უკვე მიაწოდა. ამის შემდეგ კი ბერლინმა ორი სისტემა პოლონეთსაც მიაწოდა, შედეგად კი მათ მარაგში ამჟამად მხოლოდ 7 Patriot-ის სისტემაა. წყაროს თქმით, ამის გამო ბერლინი მზადაა უკრაინას Patriot-ის სისტემები კვლავ მიაწოდოს, თუ აშშ სწრაფი ჩანაცვლების გარანტიას მისცემს.