ევროპელი ლიდერები მზად არიან დაელოდონ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის თურქეთში შესაძლო შეხვედრას და მხოლოდ ამის შემდეგ უბიძგონ აშშ-ს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისკენ, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც რამდენიმე წყარო გამოცემას უყვება, ამერიკულ მხარეს სურს რუსეთსა და უკრაინას ხუთშაბათს მოლაპარაკებების გამართვის საშუალება მისცეს, ვიდრე პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს.
ამასთან ერთად, თუ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ან რუსეთი ხუთშაბათს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე უარს იტყვის, ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აღასრულოს მისი მუქარა და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთზე ეკონომიკური წნეხის რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს შემოიღებენ, თუ დაინახავენ, რომ უკრაინაში ზავი არ გამოცხადდება.