ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მიერ ისრაელზე 1 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "დიდი შეცდომა" უწოდა და თეირანს საპასუხო ზომებით დაემუქრა.

მისი თქმით, "ირანის შეტევა ჩაშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია".

მან თავდაცვის ძალებს "შთამბეჭდავი მიღწევა" მიულოცა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა და ამისთვის გადაიხდის. ირანი ვერ ხვდება, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავის დაცვა და მტრების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება. ჩვენ დავიცავთ ჩვენ მიერ დადგენილ წესს - ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, ჩვენ მას დავესხმებით", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ირანის ცნობით, მისი გუშინდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.