ირანზე დარტყმებით შევქმნით პირობებს, რათა ხალხი ტირანიისგან გათავისუფლდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"მომდევნო დღეებში ტერორისტული რეჟიმის ათასობით სამიზნეს დავარტყამთ.

ჩვენ შევქმნით პირობებს, რათა ირანის მამაცი ხალხი ტირანიის ბორკილებისგან გათავისუფლდეს და სწორად ამ მიზეზის გამო კიდევ ერთხელ მოგმართავთ:

ირანის მოქალაქეებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც თაობაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება. ნუ ისხდებით უმოქმედოდ, რადგან თქვენი მომენტი მალე დადგება.

მომენტი, როცა ქუჩებში უნდა გამოხვიდეთ, გამოხვიდეთ მილიონობით და საქმე დაასრულოთ, დაამხოთ ტერორის რეჟიმი, რომელმაც სიცოცხლე გაგიმწარათ. თქვენი ტანჯვა და თავგანწირვა უშედეგო არ იქნება.

დახმარება, რომელსაც ელოდით, ადგილზეა. დახმარება მოვიდა და ახლა დროა, ისტორიული მისიისთვის გაერთიანდეთ.

ირანის მოქალაქეებო, სპარსელებო, ქურთებო, აზერბაიჯანელებო, აჰვაზებო და ბელუჯებო - დროა, ძალები გააერთიანოთ, რათა რეჟიმი დაამხოთ და საკუთარი მომავალი უზრუნველყოთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.