ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპია, რომელსაც ძალიან მკაფიო მიზნები აქვს.
„ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბრიფინგზე.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები შევიდნენ ღაზას სექტორში, რათა „ჰამასი“ გაანადგურონ და მძევლები სახლში დააბრუნონ.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები და მეთაურები "ახლა ღაზას სექტორში არიან, ისინი ყველგან არიან განლაგებული".
ამასთან, ნეთანიაჰუ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც.
„ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ ომის დანაშაულებში. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დაადანაშაულოთ ჩვენი ჯარისკაცები ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა. ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მიმართავს სიფრთხილის ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ნეთანიაჰუმ დაადანაშაულა „ჰამასი“ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, რადგან, მისი თქმით, დაჯგუფება იყენებს თავის ხალხს ცოცხალ ფარად.