ისრაელში 7 ოქტომბრის ღამეს გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Nature Party-ის მონაწილეები, "ჰამასის" მებრძოლების თავდასხმის დროს, ისრაელის ტერიტორიაზე გაიქცნენ. The Times of Israel-ის ცნობით, ფესტივალი ღია ცის ქვეშ უდაბნოში, ქალაქ ოფაკიმთან, კიბუც რეიმში ტარდებოდა, რომელიც ღაზას სექტორის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, როდესაც "ჰამასმა" ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და პალესტინის ჯგუფების მებრძოლებმა სასაზღვრო რეგიონებში შეაღწიეს. კადრებში ჩანს, რომ ფესტივალის მონაწილეები უდაბნოში გარბიან.
ფესტივალის ერთ-ერთმა დამსწრემ თქვა, რომ თავდაპირველად რაკეტების ფრენის ხმა "ისე ჟღერდა, თითქოს მუსიკის ნაწილი იყო". მისი თქმით, როდესაც ის და მისი მეგობრები თავიანთ მანქანებთან მისვლას ცდილობდნენ, მათ "იგრძნეს, რომ თითქოს ჩვენ ირგვლივ ტყვიები დაფრინავდა".
ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ დაახლოებით ხუთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მის მანქანას მაშინ ესროლა, როდესაც ის ფესტივალის დატოვებას ცდილობდა, რის შემდეგაც ქალი და მისი მეგობარი სხვა ავტომობილის მძღოლმა გადაარჩინა. როდესაც ისინი ფესტივალის ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, მანქანის მძღოლს ესროლეს. შემდეგ ადგილზე ისრაელის სამხედროები მივიდნენ.
Nature Party-ის ათეულობით მონაწილემ ოფაკიმში ევაკუაცია შეძლო, დაჭრილები ისრაელის სამხრეთ რეგიონების საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დაფიქსირდა ერთი სიკვდილი. Ynet News წერს, რომ ზოგიერთ ვიზიტორთან კონტაქტი დაიკარგა. Times of Israel აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანი დაკარგულია, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, კვლავ უდაბნოში იმალებოდეს.