აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უფროსს დაუკავშირდა, რომელიც მეუღლესთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ბარაკ ობამამ ჯორჯ ბუშ უფროსსა და მის მეუღლე ბარბარას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ ის მათთან კონტაქტს არ გაწყვეტს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორ ბუშ უფროსის საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, მისი მეუღლე ბარბარა ჰოსპიტალში დააწვინეს. წინასწარი ინფორმაციით, მას სისუსტე და ხველება აწუხებს.

თავად ჯორჯ ბუშ უფროსი ჰიუსტონის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

2015 წლის ზაფხულში ჯორჯ ბუში საავადმყოფოში დააწვინეს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ექიმებმა მას მწვავე ბრონქიტის დიაგოზი დაუსვეს. 

არსებული ინფორმაციით, 92 წლის ექს-პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება სჭირს და შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლით სარგებლობს.