''გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაეხმარა ალიანსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში'', – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგისთვის NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ერთი წლით გახანგრძლივებას.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დღეს სამხედრო ალიანსი უფრო ძლიერი, ერთიანი და მიზანდასახულია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"მივესალმები განცხადებას, რომ NATO გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ვადას კიდევ ერთი წლის ვადით უხანგრძლივებს. მისი მუდმივი ლიდერობით, გამოცდილებით და განსჯის უნარით, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაეხმარა ალიანსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში. დღეს ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, ერთიანი და მიზანდასახულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოუთმენლად ველოდები გენერალურ მდივანთან მუშაობის გაგრძელებას ალიანსის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მომავალ კვირას ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე და მომავალ წელს ვაშინგტონში NATO-ს 75-ე საიუბილეო სამიტის წინ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს. სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.