აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-17 სამიტი შეუდგა მუშაობას.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სამიტის მუშაობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მონაწილეობენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი, ყაზახეთის პერმიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი, თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შეჰბაზ შარიფი.
სამიტში ასევე იღებენ მონაწილეობას დამკვირებლები, სპეციალური სტუმრები ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიდან (მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრი, სულთანი აჰმედ ალ-ჯაბერი) და საერთაშორისო სტრუქტურების ხელმძღვანელები. შეხვედრის მთავარი მიზანია ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავება რეგიონში მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების გზით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური გეოპოლიტიკური არასტაბილურობის კონტექსტში.
აზერბაიჯანული მედია ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩამოთვლის და მათ შორის ასახელებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, ტრანსანატოლიურ (ტანაპი) და ბაქო-თბილისი-ერზურუმის ბუნებრივი აირის გაზსადენებს, ჩინეთსა და ევროპას დამაკავშირებელ შუა დერეფანს, კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს და „ლაპის ლაზულის“ პროექტს, რომელიც ავღანეთის ჰერათის პროვინციის ქალაქ თორღუნდის თურქმენეთის აშხაბადთან, შემდეგ კი კასპიის ზღვის თურქმენბაშის პორტთან, ალიათში (აზერბაიჯანი) მდებარე ახალ პორტთან, თბილისთან და ანკარასთან ფოთისა და ბათუმის განშტოებებით და ანკარიდან სტამბოლამდე დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს ქმნის.
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1977 წელს დააარსეს ირანმა, პაკისტანმა და თურქეთმა. 1992 წლიდან მას შეუერთდნენ აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.