Axios-ს ორმა ისრაელელმა და ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ისრაელმა ირანთან ომის ადრეულ ეტაპზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რკინის გუმბათის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა და მის სამართავად სამხედროები გაუგზავნა.

Axios წერს, რომ ომის განმავლობაში ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამხედრო, უსაფრთხოების და სადაზვერვო თანამშრომლობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ომის დროს რკინის გუმბათის სისტემის უპრეცედენტო განთავსებაზე აქამდე საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მიერ რეგიონში სხვა ქვეყნებზე მეტად იქნა მიზანში ამოღებული. საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანმა ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 2200-ზე მეტი დრონი გაუშვა. რაკეტებისა და დრონების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰაერშივე გაანადგურეს, თუმცა ნაწილმა ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის მიტანა მაინც მოახერხა. საამიროებზე განხორციელებულმა მასშტაბურმა თავდასხმებმა ქვეყანა აიძულა, მოკავშირეების დახმარება ეთხოვა.

ისრაელელი წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს საამიროებში რკინის გუმბათის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და რამდენიმე ათეული სამხედროს გაგზავნა დაავალა მას შემდეგ, რაც საამიროების პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიედს ესაუბრა. სისტემამ ათობით ირანული რაკეტა გაანეიტრალა, აღნიშნა მეორე ისრაელმა ოფიციალურმა პირმა.