Axios ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის რეჟიმმა აშშ-ს ახალი წინადადება წარუდგინა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ომის დამთავრებას მოიცავს, თუმცა, ამ გეგმის ფარგლებში თეირანს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გამართვა მოგვიანებით სურს.
Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატია ჩიხში შევიდა, ირანის მმართველ წრეებში კი განხეთქილებაა იმის შესახებ, თუ რა სახის დათმობები უნდა განიხილებოდეს აშშ-სთან მოლაპარაკებებზე. რავიდის ცნობით, ირანის წინადადება ბირთვული პროგრამის საკითხისთვის გვერდის ავლას და, სანაცვლოდ, შეთანხმების უფრო სწრაფად დადებას გულისხმობს.
სამი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს, 27 აპრილს, სიტუაციების მართვის ოთახში ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გუნდთან შეხვედრას გამართავს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები ჩიხში შესულ მოლაპარაკებებსა და პოტენციურ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავენ. მანამდე ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში მიანიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის გაგრძელება სურს, იმ იმედით, რომ მომდევნო კვირებში თეირანი აშშ-ს მოთხოვნებს დათანხმდება.
ცნობისთვის, მოლაპარაკებებზე კრიზისი შაბათ-კვირას კიდევ უფრო გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც პაკისტანში ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ვიზიტი ამერიკულ მხარესთან შეხვედრის გარეშე დასრულდა.
ხოლო თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა, 24 აპრილს Fox News-ზე თქვა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ირანელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკების მიზნით პაკისტანისკენ გაემგზავრებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ს დელეგაცია ირანთან შესახვედრად პაკისტანში აღარ გაგზავნა.








