ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე პეტრას ციხე ყოველდღიურად უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. ისტორიული გარემო, განახლებული ინფრასტრუქტურა, იქ არსებული მუზეუმი და ზღვის ხედები პეტრას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ სივრცედ აქცევს.
2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ციხეს 25 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ძეგლისადმი მზარდ ინტერესს და მის მნიშვნელოვან ადგილს აჭარის ტურისტულ რუკაზე.
მიმდინარე წელს სააგენტოს ორგანიზებით პეტრას ციხის ტერიტორიაზე განხორციელდა სამეურნეო ნაგებობის საკონსერვაციო სამუშაოები. ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად ჩატარდა ლიმონარიუმის კონსტრუქციის ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები, რამაც არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.
2027 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გააგრძელებს პეტრას ციხის განვითარებას, რათა ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მრავალმხრივი ინტერესის მიზიდულობის ცენტრად იქცეს.
ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.








