გააზიარეთ, გემუდარებით! ეს არის, პირველი, ყველაზე სერიოზული, ოფიციალური განცხადება ჩემგან ამ 10 თვის მანძილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში. არ გამოუვიდათ მკვლელობისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება. - ამის შესახებ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა დაიწყეს:
— უი, ეს ბიჭი მართლა პედოფილი ყოფილა.
თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს!
ამიტომ ჩემი მოთხოვნა:
1) იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა, ოღონდ უნდა დაამტკიცოს რომ გიგას იცნობდა და დავიჯერებთ, რომ 2-3 გაკვეთილში ნიაზეც შეაფრინა!
2) თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ.
ეს არის თანხა, რომელიც გიგამ 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, შეიტანა ანაბარზე.
3) თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, ვიმეორებ, ყვეეეელას, თუნდაც ირიბად გადაკრული პატარა კომენტარი ეწეროს, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!
P.S. თანამებრძოლნო, გთხოვთ, ჩამიყარეთ ყველა კომენტარი პირადში, სადაც წააწყდებით გიგასგან სექსუალური ძალადობის შესახებ თუნდაც გადაკრულ შინაარსს. - წერს ეკა კუპატაძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისს შსს-მ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.
2026 წლის 2 ივნისს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.







