ომის დაწყების შემდეგ პირველად, უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ თავის წარმომადგენლებს შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმა დაავალა, რამაც ზავის მიღწევა უზრუნველყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 6 აპრილის დილით, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე ხალხს ესაუბრებოდა, ტელეფონზე "ძალიან გაბრაზებული" სტივ უიტკოფი მუშაობდა.
აშშ-ის წარმომადგენელმა შუამავლებს განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანისგან ახლახან მიღებული 10-პუნქტიანი საპასუხო წინადადება "კატასტროფა" იყო.
Axios-ის თანახმად, ამით დაიწყო ცვლილებების "ქაოტური" დღე, როდესაც პაკისტანელმა შუამავლებმა უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის ახალი პროექტები შეათანხმეს, ხოლო ეგვიპტისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცდილობდნენ, ხარვეზების აღმოფხვრას. ორშაბათს საღამოსთვის შუამავლებმა აშშ-სგან მიიღეს თანხმობა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განახლებულ წინადადებაზე. შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება ხამენეის ევალებოდა, რომელიც, წყაროების ცნობით, ორშაბათს და სამშაბათს აქტიურად იყო ჩართული პროცესში.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, ახალი უზენაესი ლიდერის ჩართულობა ფარული იყო და ისრაელის მხრიდან მკვლელობის აქტიური საფრთხის წინაშე მყოფი მოჯთაბა ხამენეი ძირითადად კომუნიკაციას აწარმოებდა წერილების გადაცემით. ორმა წყარომ ხამენეის მიერ მისი წარმომადგენლებისთვის შეთანხმების მიღწევის ნებართვა "გარღვევად" შეაფასა. რეგიონული წყაროს თქმით, აბას არაღჩიმ ასევე ითამაშა ცენტრალური როლი, როგორც მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაურების დარწმუნებაში, მიეღოთ შეთანხმება.
როგორც Axios წერს, ჩინეთი ასევე ურჩევდა ირანს მოეძებნა გამოსავალი რთული სიტუაციიდან. თუმცა, საბოლოოდ ორშაბათს და სამშაბათს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოჯთაბა ხამენეის მეშვეობით მიიღეს.
"მისი მწვანე შუქის გარეშე შეთანხმება არ იქნებოდა", – განაცხადა რეგიონულმა წყარომ.
Axios წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთიდან ტელეფონით მუშაობდა და ძირითადად პაკისტანელებს ესაუბრებოდა. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მთელი დღის განმავლობაში ხშირად უკავშირდებოდა ტრამპს და მის გუნდს – თუმცა ისრაელის მხარე სულ უფრო მეტად შეშფოთებულები იყვნენ, რომ მათ პროცესზე კონტროლი დაკარგეს.
Axios-თან ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსნის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო გარანტიები, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ დაჟინებით მოითხოვდა, ირანს უარი ეთქვა ბირთვულ მასალაზე, შეეწყვიტა გამდიდრება და უარი თქვას ბალისტიკური რაკეტების საფრთხეზე.
სავარაუდოდ, ჯეი დი ვენსი აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს 10 აპრილს პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რაც, Axios-ის შეფასებით, უდავოდ მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა.








