Axios-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ისრაელში ათობით დამატებითი სამხედრო საწვავგამმართველი თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების განხილვას. 

ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირების თქმით, ესკალაციის მიზანია ირანზე ზეწოლის მოხდენა, რათა თეირანმა გახსნას ჰორმუზის სრუტე და დაეთანხმოს აშშ-ის მოთხოვნებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.  

პენტაგონის მიერ პრეზიდენტისთვის წარდგენილი გეგმები მოიცავს ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, ელექტროსადგურებზე, ასევე ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის, თუმცა ესკალაცია, შესაძლოა, უახლოეს დღეებში განხორციელდეს.  

ამჟამად ისრაელში, კერძოდ ბენ გურიონის აეროპორტსა და რამონის ბაზაზე, უკვე დისლოცირებულია დაახლოებით 30-30 ამერიკული საწვავგამმართველი თვითმფრინავი. ვაშინგტონს სურს, მათი რაოდენობა იმ ნიშნულამდე გაზარდოს, რაც კონფლიქტის დასაწყისში იყო.  

თვითმფრინავების რაოდენობის ზრდა ისრაელში პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად იქცა. ზაფხულის ტურისტული სეზონის გამო, ბენ გურიონის აეროპორტში გადატვირთულობაა და სამხედრო თვითმფრინავების არსებობა ხელს უშლის სამოქალაქო ავიაციას, რის გამოც, ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მერი რეგევმა მათი გადაბაზირება მოითხოვა.  

საბოლოო სიტყვა აღნიშნულ საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნის, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს აშშ-ის ოფიციალური მოთხოვნა დამატებითი თვითმფრინავების განთავსებასთან დაკავშირებით.