გუშინ ვიყავი „რეალურ სივრცეში“ Nino Zautashvili- თან, ნატა ვიბლიანის ტრაგიკულ ბიოგრაფიაზე ვისაუბრეთ.
გადაცემა ნატასთან ინტერვიუთი დაიწყო - ჩვენ ვუსმინეთ სამუდამოდ ტრავმირებულ და გატეხილ ქალს, რომელსაც 35 წლის შემდეგ ეყო გამბედაობა, მის ტრაგედიაზე ხმამაღლა ესაუბრა და მოძალადეები ემხილა. - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელია, როდესაც იკვეთება რამდენიმე კაცის მიერ ბავშვზე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის - გაუპატიურების - კვალი. მაგრამ ეს შემთხვევა, ამავე დროს, არის სოციალური წესრიგის მარცხის მაგალითი, როდესაც ნათესაური სოლიდარობა, მამაკაცური ძალაუფლება, „ოჯახის ღირსება“ და თემის თვითდაცვის ინსტინქტი ბავშვის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დადგა.
35 წელი გავიდა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ - სოციალური მარცხის - მიმართულებით ბევრად წინ წავედით: დღესაც პატარა, მჭიდრო თემებში სოციალური კავშირები ხშირად მსხვერპლს კი არ იცავს, არამედ ძალაუფლების მქონე კაცებს. ნათესაობა, გვარი, მეზობლობა, რეპუტაცია და ე.წ. „სოფლის მშვიდობა“ შეიძლება ბავშვის უსაფრთხოებაზე მაღლა დადგეს. ირთვება დანაშაულის მიმართ ერთგვარი „კოლექტიური დუმილის“ მანქანა, როდესაც დანაშაული კი არ არღვევს კოლექტიურ მორალს, არამედ - ამ დანაშაულის გამჟღავნება.
გადახედეთ ნატა ვიბლიანის ვიდეოებთან დაკავშირებით კომენტარებს და თავად დარწმუნდებით, რომ დიდწილად ისევ იქ ვართ ჩარჩენილები - არქაულ პარადიგმებში. და ეს აბსოლუტურად არ არის მხოლოდ სვანეთის პრობლემა, ეს ქართული საზოგადოების ერთ-ერთი კულტურული სენია.
35 წლის წინ თემმა, მოძალადეების ნაცვლად, მსხვერპლი მოიშორა. ნატას მიმართ ძალადობას მისი და მისი ოჯახის სოციალური სიკვდილი დაემატა - სახლის, გარემოს, კავშირებისა და კუთვნილების დაკარგვა.
და დღესაც ეს „თემური სოლიდარობა“ ცდილობს სამართლებრივი და უნივერსალისტური მორალის ჩანაცვლებას. დღესაც არ ვართ დარწმუნებული იმაში, დაუპირისპირდება თუ არა თემურ ურთიერთობებს ძლიერი საზოგადოებრივი ინსტიტუტები." - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი "ფეისბუკში"
შეგახსენებთ, ნატა ვიბლიანი საქმეზე გამოძიება 1 თვის წინ მესტიის პოლიციაში სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30 პირი და საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ნატა ვიბლიანის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და მარიამ ბარსონიძე დაიცავს.
44 წლის ნატა ვიბლიანი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში 35 წლის მომხდარ საზარელ დანაშაულზე საჯაროდ ალაპარაკდა. რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ 9 წლის ასაკში მისი ნათლიის ძმამ გააუპატიურა, რის შემდეგ მასზე სექსუალური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მისი განცხადებით, ის 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. აცხადებს რომ ძალით ამშობიარეს, ჩვილის ხმაც კი გაიგონა, მის შემდეგ კი ბავშვის შესახებ არაფერი იცის.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობის და გაუპატიურების შესახებ სოფელში ყველამ იცოდა, თუმცა მის დასაცავად არავინ გამოსული. ბოლოს კი თანასოფლელებმა და ნათესავებმა სოფლიდან გააძევეს.
ინფორმაციისთვის, გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.








