მაიამი გარდენსში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩი დასრულდა.  

მაიამი გარდენსში გამართული მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშს, ალბათ, მილიონი ფეხბურთის მოყვარულიდან ერთიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდა. ინგლისელებმა, რომელთა სასტარტო შემადგენლობაშიც ჰარი ჯეინი და ჯუდ ბელინგემი არ იყვნენ, ვარსკვლავებით სავსე ფრანგების ნაკრებს ოთხი მშრალი გოლი გაუტანეს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე კილიან მბაპემ ერთი გოლი გაქვითა და ფრანგების გულშემატკივრებს მატჩის სასწაულებრივად გადარჩენის იმედი მიეცათ.

ექვსი წუთის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ მეორე გოლი გაიტანა და ანგარიშის გათანაბრება უკვე აღარ ჩანდა წარმოუდგენელი.

57-ე წუთზე უსმან დემბელე მეკარის პირისპირ ამოჩნდა და შანსი ვერ გამოიყენა, ორი წუთის შემდეგ კი მაიკ მენიანმა იხსნა კარი მე-5 გოლისგან და ფრანგებმა კვლავ განაგრძეს სახიფათო შეტევები.  მაიკ ელისეს და ისევ უსმან დემბელეს გამოუყენებელი მომენტების შემდეგ 66-ე წუთზე თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე თავის მე-10 გოლი გაიტანა (ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი 22 გოლით მბაპემ მესის ერთი ბურთით გადაასწრო და ბომბარდირთა სიის სათავეში მოექცა) და ანგარიშში სხვაობა ერთ გოლამდე შემცირდა.

75-ე წუთზე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი მაიკ ოლისეს უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ასცდა, მე-80 წუთზე კი ჯერ შეცვლაზე შესულმა ჯუდ ბელინგემმა გაუშვა ხელიდან აშკარა საგოლე მომენტი, შემდეგ კი ისევ ოლისეს უძლიერესი დარტყმის შემდეგ ასცდა ბურთი ინგლისელთა კარს. 

87-ე წუთზე ფრანგების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ბუკაიო საკამ გაიტანა და ინგლისელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

90+6' წუთზე უსმან დემბელემ როგორც იქნა შეძლო ინგილსელთა კარში გოლის გატანას და ფრანგებს ისევ მიეცათ მატჩის გადარჩენის მცირეოდენი შანსი, თუმცა, ორ წუთში ჯუდ ბელინგემმა მეექვსედ აიღო ფრანგების კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ინგლისი - საფრანგეთი 6:4(4:0)
გოლები: 3' დეკლან რაისი 1:0, 18' ეზრი კონსა 2:0, 37' და 45+1' ბუკაიო საკა 3:0 და 4:0, 48' კილიან მბაპე 4:1, 54' ბრედლი ბარკოლა 4:2, 66' კილიან მბაპე 4:3, 87' ბუკაიო საკა, თერთმეტმეტრიანიდან 5:3, 90+6' უსმან დემბელე 5:4, 90+8' ჯუდ ბელინგემი 6:4