ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა
უაღრესად დაძაბული შეხვედრის პირველ ტაიმში გუნდები ერთმანეთს მინდვრის ყოველ მტკაველზე შეუპოვრად ებრძოდნენ და თავისუფლად თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. ერთადერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში 34-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც არგენტინელთა მეკარე ემელიანო მარტინესი თითებით მისწვდა რის ჯეიმსის მიერ პირდაპირ კარის მიმართულებით გაგზავნილ ბურთს, შემდეგ კი მის დასახმარებლად დროულად მისულმა მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.
მეორე ტაიმის დასაწყისიდან ოთხ წუთში ხულიან ალვარესის სახიფათო დარტყმა ჯორდან პიკფორდმა მოიგერია.
55-ე წუთზე ნიკოლას ტალიაფიკომ ბურთი საკუთარი საჯარიმოსთან ახლოს მაკრატელათი მოიგერია, მას დეკლან რაისი დაეუფლა და მარჯვნივ მორგან როჯერს დაუგორა, ამ უკანასკნელის მიერ მეკარის საჯარიმოს ცენტრთან ჩაწოდებულ ბურთზე კი ყველას ენტონი გორდონმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.
69-ე წუთზე მესის ჩაწოდებული ბურთი დაახლოებით შვიდი მეტრიდან თავური დარტყმით გაგზავნა კარისკენ ნიკო გონსალესმა და ჯორდან პიკფორდმა ნახტომში სასწაულებრივად შეძლო მოგერიება.
76-ე წუთზე საჯარიმოში მყოფი ალექსის მაკალისტერის დარტყმული ბურთი ინგლისელთა კარის ძელმა მოიგერია.
85-ე წუთზე ჯორდან პიკფორდმა ენცო ფერნანდესის სახიფათო დარტყმისგან იხსნა კარი, მაგრამ იქვე კუთხურიდან ლიონელ მესის მიერ ჩაწოდებული ბურთი ფერნანდესმა მშვენიერი დარტყმით გაგზავნა კარში და ანგარიში გაათანაბრა.
90+1 წუთზე ალექსის მაკალისტერის დარტყმის შემდეგ ბურთი ინგლისელთა კარის ძელს გვერდიდან შეეხო.
90+2 წუთზე ლაუტარო მარტინესის დარტყმული ბურთი ინგლისელთა კარის ბადეში გაეხვია. გოლის თანაავტორი ამჯერადაც ლიონელ მესი იყო.
თამაში კიდევ დაახლოებით ცხრა წუთი გარძელდა, მაგრამ დაწინაურების შემდეგ პასიურად მოთამაშე ინგლისელებმა მდგომარეობის გამოსწორება და თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ინგლისი - არგენტინა 1:2(0:0)
გოლები: 55' ენტონი გორდონი 1:0, 85' ენცო ფერნანდესი 1:1, 90+2' ლაუტარო მარტინესი
ფინალში არგენტინა ესპანეთს შეხვდება, ინგლისი კი მესამე ადგილისთვის საფრანგეთთან ითამაშებს.




