ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის პრესა აქვეყნებს.

ხუთშაბათს, 7 მარტს, ლინცის რეგიონული სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლემ, ნახევარსაათიანი პროცესის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოაცხადა განაჩენი გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ძაღლების სასიკვდილო თავდასხმის საქმეზე და ძაღლების პატრონს გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის 15 თვით თავისუფლების აღკვეთა (აქედან 5 თვე საპატიმრო ღონისძიების სახით, დანარჩენი კი პირობითი მსჯავრის სახით) მიუსაჯა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 60 წლის ქალი ნარნის გარეუბანში, გრუნტის გზაზე ძუნძულით დარბოდა, 38 წლის ქალი კი იქვე ახლოს ამერიკულ სტაფორშირდ ტერიერის ჯიშის სამ ძაღლს - ძუს და ორ ხვადს - ასეირნებდა. მოულოდნელად, ხვადმა მძლავრად გაიწია, ქალი წაიქცა და საბელი ხელიდან გაუსხლტა. რამდენიმე წამის შემდეგ წაქცეულმა ქალმა თავი ასწია და დაინახა, რომ მისი ძაღლები ქალს დასხმოდნენ თავს, მაგრამ სიტყვიერმა ბრძანებამ შედეგი ვერ გამოიღო, 31,5 კგ, 22 კგ და 19 კგ წონის ძაღლების შესაჩერებლად კი საკმარისი ფიზიკური ძალა 81კგ წონის ქალს არ აღმოაჩნდა და ტრაგედია დატრიალდა.

თავდაპირველად ითვლებოდა, რომ გარდაცვლილი უალიკაპო ხვადისგან იყო დაკბენილი, მაგრამ დნმ-ს ანალიზმა აჩვენა, რომ მას ალიკაპიანმა ძაღლებმაც უკბინეს (ასეთი რამ შესაძლებელია ალიკაპის არასწორად დამაგრების, აგრეთვე გარკვეული ტიპის ალიკაპის ამოცმის შემთხვევაში - „აიპრესი") ბრალდებულმა სრულად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გამოთქვა მწუხარება და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ქვრივს და შვილს (მათ, ადვოკატის მოთხოვნით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, თითოეულს 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია მიეცემათ), ხოლო მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ იგი პასუხისმგებლობიანი პიროვნებაა, ძალიან განიცდის მომხდარს და ტრაგიკული შემთხვევის დღიდან გადის მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ამასთან, პროკურორმა ბრალდებული საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებაში დაადანაშაულა . მისი თქმით, ქალი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა, რომ არ ჰქონდა საკმარისი ძალა 72 კგ წონის სამი ძაღლის შესაკავებლად.

ავსტრიული პრესის ცნობით, ტრაგიკულმა შემთხვევამ ზემო ავსტრიელ კანონმდებლებს ძაღლების შესახებ კანონის გამკაცრებისკენ უბიძგა და პარტიები ამ კუთხით ცვლილებებზე ქვეკომიტეტში უკვე შეთანხმდნენ. ექვსი ჯიშის ძაღლის, კერძოდ, ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი, სტაფორდშირის ბულტერიერი, არგენტინული დოგი, პიტბული და ტოსა ინუ კლასიფიცირდება როგორც სახიფათო და მათი აყვანის მსურველებს სპეციალური დამატებითი მოთხოვნები წაეყენებათ. საუბარია აგრეთვე დიდი ძაღლების (სიმაღლე ნიდაოში 40 სმ-ზე მეტი ან წონა 20 კგ-ზე მეტი) პატრონებისთვის პრაქტიკული გამოცდის დაწესებაზე, რაც ყოველდღიურ სიტუაციებში, მაგალითად, ადამიანების დიდ ჯგუფში, პატრონის და მისი ძაღლის ქცევის შეფასებას გულისხმობს.