ხუთშაბათს, 29 ივნისს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უნივერსიტეტების პოზიტიური ქმედების (იგივე პოზიტიური წვდომის, პოზიტიური დისკრიმინაციის) სახელით ცნობილი მრავალწლიანი პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც უმაღლეს სასწავლებლებში აფროამერიკელების უკეთესი ხელმისაწვდომობა იყო უზრუნველყოფილი.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსმა განაჩენში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს ძალიან დიდი დრო დასჭირდათ მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ პიროვნების საზომი კანის ფერი არ არის.
აშშ-ის უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილება სტუდენტური ორგანიზაცია Students for Fair Admissions-ის ჰარვარდის კერძო ელიტარული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით გამოიტანა. მოსარჩელეები, სხვა საკითხებთან ერთად, ამტკიცებდნენ, რომ აფროამერიკელების უნივერსიტეტებში სწავლის უკეთესი ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგილი პოზიტიური დისკრიმინაციის პრაქტიკა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა აზიური წარმოშობის აბიტურიენტებს.
Affirmative Action აშშ-ში 1960-იან წლებში დაინერგა როგორც სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ნაწილი. მისი მიზანი საუკუნეების განმავლობაში ჩაგვრის, დისკრიმინაციის და უფლებების აყრის შემდეგ აფროამერიკელებისთვის კარგ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა იყო, თუმცა, ასეთი პროგრამები თავიდანვე საკამათო გახდა. მაგალითად, თეთრი ფერის კანის მქონე ამერიკელები სასამართლოში მიდიოდნენ იმ არგუმენტით, რომ ისინი იყვნენ „საპირისპირო დისკრიმინაციის“ მსხვერპლი. კრიტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ ფერის მიხედვით შერჩევა ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფებად ყოფის და ამით საზოგადოებას გახლეჩს. 1978 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უნივერსიტეტებმა არ უნდა გამოიყენონ ფიქსირებული კვოტები კანის ფერის მიხედვით აბუტურიენტების შერჩევისას, თუმცა, კანის ფერი ან ეთნიკური წარმომავლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც რამდენიმე კრიტერიუმიდან ერთ-ერთი სტუდენტის მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად. ჰარვარდის ელიტარული უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ს უნივერსიტეტების დაახლოებით 40 პროცენტს აქვს ასეთი პროგრამები.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უზენაესის სასამართლოს ვერდიქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი იმედგაცრუებაა.
ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჯილდო გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.