სროლის შედეგად, რომელიც ნიუ-მექსიკოს ქალაქ ალბუკერკში მოხდა, საპროტესტო აქციის დროს, ერთი მამაკაცი დაშავდა. ამის შესახებ შეტყობინება გამოქვეყნდა პოლიციის Twitter-ზე.
"ალბუკერკის პოლიცია იძიებს მომხდარს. სროლა საპროტესტო აქციის დროს დაიწყო. ერთ-ერთი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაიჭრა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აღინიშნება, რომ დაზარალებული იმყოფება კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში. პოლიციამ დააპატიმრა რამდენიმე მომიტინგე, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულნი არიან ინციდენტთან და მათ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. New York Times-ის ცნობით, აქცია, რომლის დროსაც სროლა დაიწყო, უკავშირდებოდა ესპანელი კონკისტადორ ხუან დე ონიატის ძეგლს (1550-1626). მომიტინგეებმა ძეგლის დანგრევა მოითხოვეს. შეერთებულ შტატებში წარსული პოლიტიკოსების ძეგლებთან ბრძოლის კიდევ ერთი ტალღა დაიწყო, რაც რასიზმის და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ხდება. 25 მაისს, მინეაპოლისში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას, პოლიციამ მის წინააღმდეგ ძალას მიმართა, რის შედეგადადაც ჯორჯ ფლოიდი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოპერაციაში მონაწილე ოთხივე სამართალდამცავი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ბრალი წაუყენეს. საპროტესტო აქციები გადაიზარდა არეულობებში და ყაჩაღობებში. ზოგიერთ შემთხვევაში, მომიტინგეები ანგრევენ კონფედერაციის ლიდერების საპატივსაცემოდ აღმართულ ძეგლებს, რომლებიც აერთიანებდნენ მონების მფლობელ სახელმწიფოებს ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865). ამასთან, მათ დაანგრიეს კრისტოფერ კოლუმბის რამდენიმე ძეგლი.