აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიუხედავად, მასშტაბური შეფერხებები გრძელდება. დღეს ქვეყანაში 3 374 ავიარეისი გაუქმდა, 1 008 კი შეფერხდა. ბოლო ორ დღეში გაუქმებული რეისების საერთო რაოდენობა 12 500-ს აღემატება.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა, შონ დაფიმ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის განახლების გარეშე მსგავსი შეფერხებები მომავალშიც განმეორდება.

„ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი მასშტაბის შეფერხება მოხდებოდა. არსებულმა სისტემებმა ყველა მგზავრის უსაფრთხოება უზრუნველყო და ყველა თვითმფრინავმა უსაფრთხოდ მოახერხა დაშვება. შევძელით, გაგვეანალიზებინა, რა მოხდა არასწორად, სისტემა გადაგვეტვირთა და მუშაობა გაგვეგრძელებინა. თუმცა, მსგავსი შემთხვევები კიდევ იქნება, თუ ამერიკელი ხალხი და კონგრესი სისტემის განახლებისთვის საჭირო დაფინანსებას არ გამოყოფენ“- განაცხადა დაფიმ.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, პრობლემის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიები, მათ შორის ძველი გადამრთველები და  საკომუნიკაციო ხაზები გახდა. მისი განმარტებით, სისტემის სრულად განახლებისთვის კონგრესმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს.

დაფიმ არსებული მდგომარეობა საგანგებოდ შეაფასა და განაცხადა, რომ საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის მოდერნიზაცია აუცილებელია.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ავიარეისების მასშტაბური შეფერხების მიზეზი კიბერშეტევა არ ყოფილა. მისი თქმით, არსებული მონაცემებით, კომუნიკაციის სისტემის გათიშვა უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას არ უკავშირდება.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ხელმძღვანელმა, ბრაიან ბედფორდმა, მგზავრებს ქვეყნის მასშტაბით ფრენების შეჩერებით გამოწვეული შეფერხებებისთვის ბოდიში მოუხადა.

აშშ-ში ფრენები ქვეყნის მასშტაბით ბოლოს 2023 წლის იანვარში შეჩერდა, როცა გაფრთხილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. მანამდე ასეთი რამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა.