მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (აშშ) სპეციალისტებმა, ადამიანზე გენმოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვის მეორე ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტი, აშშ-ს საზღვაო ძალების 58 წლის ვეტერანი ლოურენს ფოსეტი, ხელოვნური სუნთქვის გარეშე სუნთქავს და გადანერგილი გული "ნორმალურად ფუნქციონირებს, ყოველგვარი გარე მოწყობილობების დახმარების გარეშე", ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფოსეტი, ადამიანის გულს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების ისტორიისა და შინაგანი სისხლდენის გართულებების გამო, ვერ მიიღებდა. "ბოლო იმედი, რაც დამრჩა, ღორის გულია", - თქვა მან ოპერაციის წინ, "ყოველ შემთხვევაში, ახლა მაქვს შანსი". ტრანსპლანტაციის შემდეგ, ფოსეტი სპეციალურ მედიკამენტებს და ანტისხეულებს იღებს, რათა მისმა ორგანიზმმა დონორ ორგანოზე უარი არ თქვას.
წინა მსგავსი ოპერაცია, იმავე სამედიცინო ცენტრში, 2022 წელს გაკეთდა. პაციენტი, 57 წლის დევიდ ბენეტი, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ "მრავალი ფაქტორის, მათ შორის ცუდი ჯანმრთელობის გამო" გარდაიცვალა, - განაცხადეს ექიმებმა.
გენმოდიფიცირებული ცხოველებისგან ადამიანებზე ორგანოების გადანერგვის ტექნიკა, დონორი ორგანოების დეფიციტის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. ახლა, მხოლოდ აშშ-ში, მათ რიგში 100 ათასზე მეტი ადამიანია. მანამდე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლანგონის სამედიცინო ცენტრმა ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგა მამაკაცს, რომელსაც ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს.