ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი ედმუნდო გონსალესი აღიარა.
20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 28 ივლისს ვენესუელის ხალხმა პოზიცია მკაფიოდ გამოხატა და პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აირჩია. ბლინკენის განცხადებით დემოკრატია ამომრჩევლების ნების პატივისცემას მოითხოვს.
ედმუნდო გონსალესმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ვენესუელის ხალხის მიერ 28 ივლისს ჩადენილი სამოქალაქო გმირობისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვენესუელის საყოველთაოდ ცნობილი მტერი უწოდა.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა.
გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.