ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ვენესუელა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

მას შემდეგ, რაც ვენესუელის სასამართლომ გონსალესის დაკავების ორდერი გასცა რამდენიმე დანაშაულის გამო, მათ შორის სახელმწიფო მოვალეობების უზურპაციის, დოკუმენტების გაყალბების, დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებისა და სისტემის საბოტაჟის, ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის, დელსიროდრიგესის თქმით, ვენესუელამ გონსალესს „პოლიტიკური სიმშვიდის გამო“ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგებით არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა.

მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ევროკავშირში განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას, ვიდრე ხმის მიცემის დეტალურ შედეგებს არ იხილავენ. აშშ-ში კი განაცხადეს, რომ გონსალესმა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა და მადუროს დამარცხების უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.