აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, აშშ-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს პალესტინის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ფრანჩესკა ალბანეზის, სანქციები დაუწესა. 

რუბიოს ცნობით, ალბანეზის სანქციები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების ფარგლებში დაუწესეს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციებს გულისხმობს.

"დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებელს, ფრანჩესკა ალბანეზის სანქციებს ვუწესებ მისი არალეგიტიმური და სამარცხვინო ძალისხმევის გამო, რომელიც მიმართულია  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან აშშ-სა და ისრაელის მაღალჩინოსნების, კომპანიებისა და აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ.

ალბანეზის პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანიას აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ აღარ მოვითმენთ. ჩვენს პარტნიორებს მათ თავდაცვის უფლებაში ყოველთვის გვერდით ვედგებით.

აშშ გააგრძელებს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც სამართლებრივი ომისთვის საპასუხოდ და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სუვერენიტეტის დასაცავად საჭიროდ მივიჩნევთ". - წერს რუბიო X-ზე.

სახდეპის განცხადებაში წერია, რომ "ალბანეზი პირდაპირ იყო ჩართული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) "აშშ-ს ან ისრაელის თანხმობის გარეშე ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების გამოძიების, დაკავების, დაკავებისა და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების ძალისხმევაში". განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ და ისრაელი რომის წესდებას ხელს არ წერენ, რის გამოც ეს ქმედება "ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევააა".

"აშშ-ს არაერთხელ დაუგმია და გაუპროტესტებია ალბანეზის მიკერძოებული და მავნებელი ქმედებები, რომლებიც მას სპეციალური მომხსენებლის თანამდებობისთვის დიდი ხანია შეუფერებელს ხდის. ალბანეზი ურცხვ ანტისემიტიზმს ანთხევს, ტერორიზმის მხარდაჭერასა და აშშ-ს, ისრაელისა და დასავლეთის მიმართ ღია ზიზღს გამოხატავს. ეს მიკერძოებულობა აშკარა იყო მისი კარიერის განმავლობაში, მათ შორის, მან რეკომენდაცია გასცა, რომ ICC-ს ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის წინააღმდეგ დაკავების ბრძანებები გაეცა

ბოლო დროს მან ეს ძალისხმევა გაამწვავა და მსოფლიოს გარშემო ათობით ორგანიზაციას, მათ შორის ფინანსთა, ტექნოლოგიის, თავდაცვის, ენერგეტიკისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში ამერიკულ კომპანიებს, მუქარისა და უკიდურესი და უსაფუძვლო ბრალდებების შემცველი წერილები მისწერა და ICC-ს რეკომენდაცია მისცა, რომ ამ კომპანიებისა და მათი დირექტორების წინააღმდეგ გამოძიება და სამართლებრივი დევნა დაიწყოს. არ მოვითმენთ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანიებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს საფრთხის წინაშე აყენებს". - წერია სახდეპის განცხადებაში.