შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების მიმართულებით ახალი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს.
პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციით, იერიშები მიზნად ისახავდა ირანის რევოლუციური გვარდიის იმ ობიექტების განეიტრალებას, რომლებიც, ვაშინგტონის მტკიცებით, რეგიონში ამერიკული ძალებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით, ეს იყო "პასუხი და შეკავების ზომა", რათა შეჩერდეს რეგიონში ამერიკული ბაზების მიმართულებით განხორციელებული დესტაბილიზაციის მცდელობები.
დარტყმები განხორციელდა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სარაკეტო ბაზებსა და უპილოტო საფრენი აპარატების სამეთაურო პუნქტებზე.
იერიშების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა უკიდურესად გამწვავდა. საერთაშორისო დამკვირვებლები მოვლენების შემდგომ ესკალაციას შიშობენ.
ოფიციალური თეირანი მომხდარს "აგრესიულ აქტს" უწოდებს და საპასუხო ნაბიჯების გადადგმით იმუქრება, რაც რეგიონში უსაფრთხოების კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების საფრთხეს ქმნის.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის, დაიცვას საკუთარი ინტერესები და პარტნიორები, თუმცა ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ არ ისწრაფვის ირანთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტისკენ.




