ირანის წინააღმდეგ საბრძოლო კამპანიის ფონზე აშშ-სა და ისრაელის არმიების მეთაურებმა ხუთშაბათს, 5 მარტს, განაცხადეს, რომ საჰაერო იერიშების შედეგად წარმატებით მოხდა ირანის სარაკეტო საფრთხის განადგურება. მათ ასევე განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში ირანის წინააღმდეგ იერიშები უფრო ინტენსიური გახდება. 

ამის მიუხედავად, ირანი განაგრძობს ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გაშვებას. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად განადგურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის 80% და მათი რაკეტების გამშვები დანადგარების 60%, თუმცა, მან დაამატა, რომ "საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა". 

თავის მხრივ, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ბრედ კუპერმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმებმა ომის პირველი დღის შემდეგ 90%-ით იკლო, ხოლო დრონებით იერიშები ამავე პერიოდში 83%-ით შემცირდა. 

მანამდე ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ 400-მდე რაკეტების გამშვებ დანადგარს დაარტყეს, რომელთა სამიზნეც შესაძლოა, ისრაელის ქალაქები ყოფილიყო, ხოლო გამოცემა Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ საჰაერო იერიშების კამპანიის მეორე ფაზის ფარგლებში აშშ და ისრაელი მიზანში ირანის ბუნკერებს ამოიღებენ, სადაც თეირანი ბალისტიკურ რაკეტებსა და აღჭურვილობას ინახავს.