აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, იგი მზად არის მუსლიმად დარეგისტრირდეს. ამ განცხადებით ის ლტოლვილთა და მიგრანტთა პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საკუთარი მოსაზრების შესახებ ოლბრაიტი მიკრობლოგ Twitter-ში წერს.
„კათოლიკედ გავიზარდე და მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩემი ოჯახი ებრაელი იყო. მზად ვარ, სოლიდარობის ნიშნად მუსლიმად დარეგისტრირებას ხელი მოვაწერო ", - წერს 79 წლის პოლიტიკოსი.
"თავისუფლების ქანდაკებაზე დიდი შრიფტით წერია, რომ ამერიკა ნებისმიერი აღმსარებლობისა და წარმოშობის ადამიანისათვის ღიად უნდა დარჩეს", - განაცხადა ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
მადლენ ოლბრაიტი პირველი ქალი იყო, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გახდა. ის თანამდებობას 1997- 2001 წწ-ში იკავებდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი, ბილ კლინტონი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და 26 იანვარს მექსიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. მომხდარის შემდეგ, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ შესაძლოა ვაშინგტონში 31იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს.