ტრამპმა ირანზე თავდასხმის ულტიმატუმი ორი კვირით გადაავადა. ვაშინგტონი ირანისგან მიღებულ 10-პუნქტიან გეგმას განიხილავს, თუმცა მანამდე, თეთრი სახლი თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ ზრდასა და „ბოროტების განადგურებაზე“ საუბრობდა.
სამშაბათს საღამოს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანისგან 10-პუნქტიანი გეგმა მიიღო, რაც მოლაპარაკებების გაგრძელების საფუძველს იძლევა. მისი თქმით, მომდევნო ორი კვირა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შესათანხმებლად იქნება გამოყენებული.
"ბოროტების განადგურება ფულთანაა დაკავშირებული"
ამ დიპლომატიურ ნაბიჯს წინ უძღოდა თეთრი სახლის მკაცრი რიტორიკა და თავდაცვის ბიუჯეტის 200 მილიარდი დოლარით გაზრდის მოთხოვნა. თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, რომელსაც ადმინისტრაციამ „ომის მდივანი“ შეარქვა, დამატებითი ხარჯები მოკლედ ახსნა: „ბოროტების განადგურება ფული ღირს“. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამხედრო ხარჯები 2026 წლისთვის უკვე ისედაც რეკორდულ, 1 ტრილიონ დოლარს აღწევს.
აპოკალიფსური მუქარა და საერთაშორისო რეაქცია
მოლაპარაკებების დაწყებამდე, ტრამპის განცხადებებმა მსოფლიო შეაშფოთა. პრეზიდენტი ირანული ცივილიზაციის „ერთ ღამეში განადგურებით“ იმუქრებოდა, რამაც გაეროსა და ევროპელი მოკავშირეების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს, ხოლო ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ვითარება რეგიონში
სანამ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმების დეტალებზე მსჯელობენ, რეგიონში დაძაბულობა პიკს აღწევს. საუდის არაბეთმა თავის ტერიტორიაზე ხუთი ბალისტიკური რაკეტის მოგერიების შესახებ განაცხადა. კატარი კი აფრთხილებს მხარეებს, რომ ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.








