აშშ და რუსეთის ფედერაცია ერთობლივად გამოვიდნენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ იარაღზე შერბილებული კონტროლის მომხრედ. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

საუბარია სექტემბრის დასაწყისში ჟენევაში გამართულ გაეროს სხდომაზე, სადაც ასობით დიპლომატი განიხილავდა პირველ გლობალურ შეთანხმებას ავტონომიური მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესახებ. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების ბოლო დღეს აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დახურულ შეხვედრაზე 15 საათის განმავლობაში დაამუშავეს დოკუმენტის ტექსტი.

როგორც The Washington Post-ის წყაროები ჰყვებიან, შეთანხმების პროექტიდან ამოიღეს დებულებები ასეთი იარაღის საიმედოობისა და პროგნოზირებადობის შესახებ, ასევე მოთხოვნები სამხედრო მიზნით ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებისას ეთიკური ასპექტების გათვალისწინებაზე. გარდა ამისა, რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა მიაღწიეს იმას, რომ საბოლოო ვერსიიდან ამოეღოთ დებულება, რომლის მიხედვითაც ადამიანს დარტყმის განხორციელებამდე უნდა შეემოწმებინა ხელოვნური ინტელექტის მიერ განსაზღვრული სამხედრო სამიზნეები.

დახურული სესია გაეროს კამერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობდა. შეთანხმების ტექსტში ცვლილებები ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს ისეთი სისწრაფით შეჰყავდათ, რომ შეხვედრის სხვა მონაწილეები შესწორებების შეტანის პროცესს ფეხს ვერ უწყობდნენ, წერს The Washington Post.