პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.

Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის სათანადოდ შეფასება შეუძლია.

"თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს რუსეთი ომი დაასრულოს, ეს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტია". - აღნიშნა დუდამ.

დუდას თქმით, ტრამპმა თავის პირველ ვადაში Nord Stream 2-ს წერტილი დაუსვა და პუტინის ენერგეტიკული ამბიციები ჩაშალა, რაც აშკარად მიუთითებს, რომ მან იცის "სად უნდა დაარტყას".

დუდას თქმით, მინსკის შეთანხმებებით მშვიდობის მიღწევის მცდელობების წარუმატებლობის ფონზე, ახლა ტვირთი დონალდ ტრამპზე გადადის.

"საკითხავი ის არის, ექნება თუ არა მას ამის გაკეთების სურვილი". - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.