გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და თავისუფლების დაცვაში. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და სოციალური რყევების ფონზე, დემოკრატიული ღირებულებები მუდმივ ყურადღებასა და გაფრთხილებას საჭიროებს.

ყოფილმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატია არ არის თავისთავად არსებული მოცემულობა, რომელსაც სახელმწიფო გარანტირებულად უზრუნველყოფს. ის ყოველდღიურად მოითხოვს თითოეული მოქალაქის აქტიურ ჩართულობასა და პრინციპულ პოზიციას.

მერკელმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზაციასა და პოპულიზმზე. მისი განცხადებით, რადიკალური განწყობები და ექსტრემიზმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ღია და ლიბერალურ საზოგადოებას.

გამოსვლაში ხაზი გაესვა განსხვავებული მოსაზრებებისადმი ტოლერანტობისა და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობას. მერკელის თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური დებატები დემოკრატიის საფუძველია, თუმცა ის არ უნდა გადაიზარდოს სიძულვილსა და ინსტიტუტების დესტაბილიზაციაში.

"ვფიქრობ, რომ ახლა, ისევ ისე, როგორც მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გვქონია საჭიროება, თავიდან უნდა დავიწყოთ სწორად ბრძოლა ამ დემოკრატიისთვის, აქტიურად ჩართვა და ხმის ამოღება", - განაცხადა მერკელმა.

ანგელა მერკელის ეს განცხადება ეხმიანება ევროპასა და გლობალურად მიმდინარე პროცესებს, სადაც ავტორიტარული ტენდენციები და დეზინფორმაციული კამპანიები სერიოზულ გამოწვევად რჩება.