ევროკავშირის თავდაცვის კომისარი, ანდრიუს კუბილიუსი Reuters-თან საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირს შეუძლია დაეხმაროს გრენლანდიას უსაფრთხოების გაძლიერებაში, იმ შემთხვევაში, თუ დანია ამას მოითხოვს. 

კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სამხედრო ძალით დაკავება NATO-ს დასასრული იქნება.

"ვეთანხმები დანიის პრემიერმინისტრს, რომ ეს NATO-ს დასასრული იქნება, მაგრამ ხალხისთვისაც, ეს ძალიან, ძალიან ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება" – ამბობს კუბილიუსი შვედეთში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს არ დაამყარებს, მას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს, რასაც ის არ დაუშვებს.

"მე ვცდილობ მათთან შეთანხმების დადებას, ეს ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა ჩვენ გრენლანდიას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ". - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნება NATO-ს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით, ტრამპმა უპასუხა, რომ მას NATO მოსწონს და სწორედ ის იყო NATO-ს თავდაცვის ხარჯების 2%-დან 5%-მდე გაზრდის ინიციატორი.

"ჩვენ NATO-ზე ბევრ ფულს ვხარჯავთ. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, NATO აღარ იარსებებდა," - განმარტა ტრამპმა.

ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.

თავის მხრივ, დანიასა და გრენლანდიაში ნათქვამი აქვთ, რომ კუნძული არ იყიდება. მათ ასევე დაგმეს გრენლანდიაში აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ გავრცელებული ცნობები.