დღეს, პარიზში, „სტად დე ფრანსზე", უეფას ერთა ლიგის A2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში, საფრანგეთი ისრაელ უმასპინძლებს.
პარიზის პოლიცია საფრანგეთი-ისრაელის დღევანდელი „მაღალი რისკის" საფეხბურთო მატჩის წინა და მომდევნო პერიოდში პოტენციური ძალადობის აღკვეთისთვის ემზადება. მედიის ცნობით, „სტად დე ფრანსზე" ყოველი ხუთი ბილეთის მფლობელზე ერთი პოლიციელი იქნება.
შეშფოთებამ, რომელიც გასულ კვირას „აიაქსის" და თელ-ავივის „მაკაბის" მატჩის დროს ამსტერდამში მომხდარი ხულიგნობისა და ანტისემიტიზმის გამო წარმოიშვა, იმატა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათ საღამოს, პარიზში, ისრაელის არმიისთვის თანხების შესაგროვებელი საზეიმო ღონისძიების გასამართი ადგილის მიმდებარე ქუჩებში სპეცრაზმის პროპალესტინელ მომიტინგეებთან შეტაკება მოხდა.
ღონისძიებაზე ისრაელის ფინანსთა მინისტრი, უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებების მქონე ბეზალელ სმოტრიჩი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მან გამოსვლა გააუქმა.
პოლიციამ მომიტინგეები, რომლებიც პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ და ცეცხლს ანთებდნენ სენ-ლაზარის რკინიგზის სადგურთან, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
უეფას ერთა ლიგის მატჩი საფრანგეთსა და ისრაელს შორის, ადგილობრივი დროით 20:45 საათზე უნდა დაიწყოს.მოსალოდნელია, რომ მატჩს ბევრი მაყურებელი არ დაესწრება. 80 000 ტევადობის სტადიონზე 20 000-ზე ნაკლები ბილეთია გაყიდული. ტრიბუნებზე დაახლოებით 150 ისრაელელი გულშემატკივარი იქნება. გულშემატკივრებს მხოლოდ საფრანგეთის და ისრაელის დროშებით სეეძლებათ სტადიონზე შესვლა.
მიუხედავად დაბალი აქტივობისა, სავარაუდოდ, 4000-მდე პოლიციელი იქნება ქუჩაში, ასევე 1500-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებზე.
კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის დაესწრება მატჩს, რათა „გააგზავნოთ ძმობისა და სოლიდარობის გზავნილი იმ შეუწყნარებელი ანტისემიტური ქმედებების შემდეგ, რაც მოჰყვა ამ კვირაში ამსტერდამის მატჩს".
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სტად დე ფრანსზე" ემანუელ მაკრონთან და მისი შინაგან საქმეთა მინისტრ ბრუნო რეტაილოსთან ერთად ყოფილი პრეზიდენტები, ფრანსუა ოლანდთან და ნიკოლა სარკოზი იქნებიან.




