სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ დაუშვებს უკრაინის მაიდანის მოვლენების განმეორებას. ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ მზად არის, დაიცვას სერბეთი ასეთი სცენარისგან.
ვუჩიჩმა ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორები მის მიმართ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"ძალიან ვამაყობ იმით, რომ სერბეთის სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა და მშვიდობა სერბეთში, მიუხედავად დესტაბილიზაციისა და მშვიდობის შელახვის არაერთი მცდელობისა", - თქვა მან.
სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 15 მარტის საპროტესტო აქციების დროს "ისინი თავისი მედიით, ანტისერბული შეფერილობით გადმოსცემდნენ, რომ ინტერნეტი დაიხურება, სოციალური ქსელები არ იარსებებს". ვუჩიჩის თქმით, ისინი ყველა იტყუება.
ვუჩიჩმა თქვა, რომ როცა ყველაფერი წარუმატებლად მთავრდება, "კიდევ უფრო მეტი უნდა მოიტყუო".
ვუჩიჩმა უარყო ინფორმაცია, რომ აქციაზე სამართალდამცველებმა ხმოვანი არალეტალური მოწყობილობა გამოიყენეს.
მან აღნიშნა, რომ ეს გაკეთდა უკრაინაში მაიდანის დროსაც, როდესაც ვიქტორ იანუკოვიჩი სნაიპერების გამოყვანაში დაადანაშაულეს.