ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზება რუსეთის ტერიტორიაზე ვაგნერის მებრძოლების გადაადგილების შეჩერების შესახებ.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებები ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმდნენ რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი შეტაკების გაჩაღების დაუშვებლობაზე.

„პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს შეთავაზება კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული პირების მოძრაობის შეჩერებისა და დაძაბულობის დეესკალაციის შემდგომი ნაბიჯების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ცნობებით, შეთავაზება ვაგნერის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.