ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია.

პარალელურად, Reuters-ის ცნობით, აშშ დამასკოს მხარდამჭერ პოლიტიკას ააქტიურებს, სანქციებს აუქმებს და ისრაელსა და ახალ ისლამისტ მმართველებს შორის შუამავლობს.

სენატორმა ლინდსი გრემმა Axios-ს განუცხადა, სირიის ახალი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ალ-შაიბანი აშშ-ს კონგრესის წევრებს შეხვდება, რათა სირიაზე დაწესებული დარჩენილი სანქციების მოხსნა განიხილონ. 

ამასთან, აშშ ისრაელსა და სირიას შორის შუამავლის როლსაც ასრულებს. სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, განაცხადა, რომ ისრაელთან უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს “მომდევნო დღეებში” ექნება შედეგი.

აშშ-მ სირიას მკაცრი სანქციები 2011 წელს დაუწესა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა, ირანისა და რუსეთის მოკავშირემ, საპროტესტო აქციები ძალადობრივად ჩაახშო, რასაც თითქმის თოთხმეტწლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა.

2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმი ალ-შარაას ამბოხებულებმა ძალებმა დაამხვეს, რის შემდეგაც ვაშინგტონი და დამასკო დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორებაზე მუშაობენ. 2025 წლის მაისში შარაასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციების გაუქმებას გეგმავდა.