სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება.

ერდოღანმა ყველას დაზარალებული მოქალაქეებისადმი სოლიდარობისკენ მოუწოდა, მათ შორის პოლიტიკოსებს, მედიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა – 51.

კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო მთის ფერდობთან არის განლაგებული, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

თარგმანი: პირველი არხი