ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 16 იანვარს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების, პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუა სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით.
სასამართლომ ორივე მათგანს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 16 იანვარს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკის გასროლის გამო დააკავეს.
ბრალდების მხარე კერენ ესებუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, ხოლო მარიამ სიჭინავასთვის კი 15 000-ლარიან ჯარიმას.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კერენ ესებუა და მარიამ სიჭინავა ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.