თემქის პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შსს განმარტებით, მათგან ერთი დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ხუთი კი ნიღბის მოხსნის შესახებ სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.
„2024 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვა.
თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას. ერთ-ერთი მათგანი დაკავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 5 პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას ნიღბის მოხსნის შესახებ“, – აცხადებენ შსს-ში.
თემქის პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა ნიღბების ტარების გამო დააკავეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.