ორმა მეცნიერმა, ვიქტორ ამბროსმა და გერი რუვკუნმა მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისთვისა და გენების ექსპრესიის რეგულირებაში მისი ფუნქციის გარკვევისთვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2024 წლის ნობელის პრემია მიიღო.
ნობელის პრემიის კომიტეტის თქმით, ბიოლოგების გარდამტეხმა აღმოჩენამ "გენების რეგულაციის სრულიად ახალი განზომილება გამოავლინა".
მიკრო-რნმ პატარა, 21-25 ნუკლეოტიდისგან შემდგარი არამაკოდირებელი რნმ-მოლეკულაა, რომელიც გენების პოსტტრანსკრიფციული ექსპრესიის რეგულირებაში მთავარ როლს ასრულებს.
"მათ მიკრო-რნმ აღმოაჩინეს, ძალიან პატარა რნმ-მოლეკულების ახალი კლასი, რომელიც გენების რეგულაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მათმა გარდამტეხმა აღმოჩენამ გენების რეგულაციის სრულიად ახალი პრინციპი გამოავლინა, რომელიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, აუცილებელი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ვიგებთ, რომ მიკრო-რნმ-ები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის". - წერს ნობელის პრიზის კომიტეტი.
კომიტეტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გენების ექსპრესიის რეგულირების მექანიზმის ცოდნა რიგი დაავადებების, მაგალითად კიბოსა და დიაბეტის, უკეთ გაგებისთვისაც არის მნიშვნელოვანი.
ნობელის პრემიის კომიტეტი ასევე წერს, რომ მიკრო-რნმ-ის მუშაობის დარღვევამ შეიძლება კიბოს შეუწყოს ხელი, მის წარმოქმნასთან დაკავშირებული გენების მუტაციებმა კი ადამიანებში სმენადაქვეითება, თვალისა და ჩონჩხის დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს.
რუვკუნმა და ამბროსმა მიკრო-რნმ და მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია 1980-იანებში ჭია C. elegans-ის მუტირებული გენების კვლევისას აღმოაჩინეს. C. elegans-ის მცირე ზომის მიუხედავად, მას მრავალი სპეციალიზებული ტიპის უჯრედები აქვს, რაც გენების ექსპრესიის რეგულირების მექანიზმის კვლევისთვის კარგ საგანს ხდის.
ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ C. elegans-ის გენი lin-4 გენ lin-14-ს თრგუნავს. როგორც შემდგომ გაირკვა, დამთრგუნველი გენი ამისთვის ძალიან პატარა რნმ-მოლეკულას წარმოქმნის, რომელსაც ცილის წარმოქმნისთვის მონაკვეთი არ აქვს.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ გენის დათრგუნვა არა ინფორმაციული რნმ-ს წარმოების შეჩერებით, არამედ პოსტტრანსკრიფციულ ფაზაში ცილების წარმოების შეფერხებით ხერხდებოდა. გენი lin-4-ის მიერ წარმოქმნილი მიკრო-რნმ lin-14-ის ინფორმაციულ რნმ-ში კომპლემენტარულ მონაკვეთს უკავშირდებოდა და ამით lin-14-ის ცილის სინთეზს აჩერებდა.
ახლად აღმოჩენილი ტიპის მოლეკულებს ბიოლოგებმა მიკრო-რნმ უწოდეს.
თავდაპირველად, რუვკუნისა და ამბროსის აღმოჩენას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია - მეცნიერულმა საზოგადოებამ გენების ექსპრესიის რეგულირების ეს უჩვეულო მექანიზმი C. elegans-ის თავისებურებად მიიჩნია, რაც უფრო რთული ორგანიზმებისთვისა და ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, არარელევანტური უნდა ყოფილიყო.
თუმცა, 2000 წელს რუვკუნის კვლევითმა ჯგუფმა სხვა მიკრო-რნმ, let-7, აღმოაჩინა, რომელიც ცხოველთა სამეფოში, მათ შორის ადამიანებშიც, არის გავრცელებული. მომდევნო წლებში მიკრო-რნმ-ით ფართო მეცნიერული საზოგადოება დაინტერესდა და ასობით ახალი მიკრო-რნმ-ის შესახებ გახდა ცნობილი.
"დღეს, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებში ასობით სხვადასხვა მიკრო-რნმ-ისთვის ათასზე მეტი გენია და რომ მიკრო-რნმ-ით გენების რეგულირება მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უნივერსალურია". - წერს ნობელის პრემიის კომიტეტი.
პრემია რუვკუნსა და ამბროსს 11 მილიონ შვედურ კრონას გადასცემს.








