2024 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Sans Frontières – RSF) აქვეყნებს, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა.

კერძოდ, RSF–ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 61.69 ქულიდან 53.05 ქულამდე გაუარესდა, ქვეყანამ 77-ე ადგილიდან 103-ზე გადაინაცვლა.

"ხელისუფლების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო მტრული რჩება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით", – აღნიშნულია RSF–ის ანგარიშში.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 67.31 ქულა – საქართველომ საკანონმდებლო ჩარჩოს მაჩვენებელში აიღო, ყველაზე დაბალი კი – 36.23 – პოლიტიკურ კრიტერიუმში. ამასთან, საქართველოს 60.45 ქულა აქვს სოციო-კულტურული კონტექსტის ინდიკატორში, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში კი – 39.93 და 61.35 ქულა.

კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2024“ 2023 წლის მოვლენებს ასახავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. რაც უფრო მეტია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა. ქულა შემდეგ ორ კომპონენტზე დაყრდნობით გამოითვლება: ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ ძალადობის ხარისხობრივი მაჩვენებლით და სიტუაციის რაოდენობრივი ანალიზით, რომელიც RSF-ის კითხვაზე პრესის თავისუფლების სპეციალისტების პასუხებს ეფუძნება.

2022 წლიდან მოყოლებული, RSF-ის "პრესის თავისუფლების ინდექსი" ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი, რომელიც ეფუძნება ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ კონტექსტურ მაჩვენებელს: პოლიტიკურ კონტექსტს, საკანონმდებლო ბაზას, ეკონომიკურ კონტექსტს, სოციო-კულტურულ კონტექსტს და უსაფრთხოებას.

რა წერია ანგარიშში (სრულად)

"მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია და ამავე დროს, ძალზე პოლიტიკურად პოლარიზებული. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიით, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, ეს არის ტელეარხი, რომელმაც შეცვალა სარედაქციო ხაზი ყოფილ მფლობელზე გადაცემის შემდეგ. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები დაფინანსების პრობლემებს ებრძვიან მაშინ, როცა ბეჭდური მედიის მკითხველი იკლებს და ონლაინ საინფორმაციო გამოშვებების მკითხველი იზრდება.

პოლიტიკურ კონტექსტი

ქვეყანა განიცდის ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს 2020 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ. ეს გარემო ხელს უწყობს მდგრად კონკურენციას სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს მედია საშუალებების ფლობას, მსხვილი მედია ორგანზაციები ძირითადად იცავენ მათი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს იმ მედიის კითხვებს, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევას, ცილისწამების კამპანიას და დაშინებას.

საკანონმდებლო ბაზა

მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელიც აძლიერებდა პლურალიზმისა და გამჭვირვალობას მედიაში, ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმის გზით, ისევე, როგორც კანონპროექტით „უცხოეთის აგენტების შესახებ“, რომელიც კოპირებული იყო რუსული კანონიდან. კანონპროექტი საბოლოოდ გაიწვიეს ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ შელახონ წყაროების კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით.

ეკონომიკურ კონტექსტი

განუვითარებელი სარეკლამო ბაზარი იკლებს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომლებსაც ძირითადად აფინანსებენ დონორები, როგორც წესი, – დასავლეთიდან. კერძო მედიის შემაშფოთებელი ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა სარეკლამო კანონების ცვლილებით, რამაც დაამახინჯა კონკურენცია ძლიერ სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასთან.

სოციო-კულტურული კონტექსტი

ქართული საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი სოციალური დაძაბულობით გარკვეულ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+, უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. უშიშროების სამსახურები უსმენენ გავლენიან სოციალურ ფიგურებს, როგორიცაა მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რითაც არღვევენ ჟურნალისტების წყაროების კონფიდენციალურობას.

უსაფრთხოება

ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე რეპორტიორზე მდგრადი და სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობაზე, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები".