ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიცაა 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაითი, მიხაელ გალერი, ანდრჟეი ჰალიჩკი, დევიდ მაკალისტერი და სხვა ევროპელი კანონმდებლები.
20 ევროპარლამენტარი საკუთარი რეზოლუციის პროექტით კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით.
როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.
„რეზოლუციის პროექტის ავტორები მტკიცედ იმეორებენ თავიანთ გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ამასთან, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირებულ რეზოლუციის პროექტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„აღნიშნული პროექტი მკაცრად გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებსა და მედიაში ჩარევის დოკუმენტურ შემთხვევებს და მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც იძლეოდა მრავალჯერადი ხმის მიცემის უფლებას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით; მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო წარმომადგენლობას. ამასთან, დოკუმენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომლებსაც, როგორც იტყობინებიან, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გახადოს ხმის მიცემის ოქმები ხელმისაწვდომი და საჯარო, რათა დაუშვას ამომრჩევლების გადამოწმება“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ.
„მოუწოდებს მას და კომისიას, ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთო-ს არჩევნებზე სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიის შეზღუდვებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთო-ს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია, ადეკვატურად აღბეჭდოს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ხელის შეშლის კარგად დამკვიდრებული სისტემა; სჯერა, რომ ასეთი ფართო მისიის მანდატი შესაძლებელს გახდის, შეაფასოს საარჩევნო ჩარჩოს მანიპულირება და სხვა გრძელვადიანი მოსამზადებელი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ხმის მოპარვას, ხმების მოსყიდვას, ამომრჩეველთა დაშინებას და საარჩევნო დარღვევებს, ამავდროულად, მამხილებელთა, მოწმეთა, მკვლევართა და ჟურნალისტთა ანონიმურობისა და დაცვის გარანტიას იძლევა იძულებისა და დაშინების ამჟამინდელ ადგილობრივ კლიმატში; მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ევროკავშირის მისიასთან და მიაჩნია, რომ თანამშრომლობის სურვილის არქონა კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს არჩევნების ლეგიტიმურობას“, – ნათქვამია პროექტში.
20 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზეც.
„აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; თვლის, რომ, როდესაც ხმების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შელახულია დარღვევების მასშტაბით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს მათ ხელახლა ჩატარებას, პროცესის წარმართვას დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო ორგანოს მიერ, მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, რაც გამწვავდა გენდერული კვოტების გაუქმებით და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში“, – ნათქვამია პროექტში.
რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და მოუწოდებს კომისიას და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული.
„ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლას განსაკუთრებით აფასებენ საქართველოს ახალგაზრდობა და რომ მისი გაგრძელება დამოკიდებულია ევროკავშირის ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებაზე; მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს საარჩევნო დარღვევებში. აღნიშნულ პროექტში ხაზგასმულია, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ასევე გაყინა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება არა მხოლოდ სამწუხარო მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, არამედ უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან დაუბრუნდეს გზას. ასევე, გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო მიუთითებს მმართველი პარტიის ავტორიტარულ ცვლილებაზე და ღალატობს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასევე, დოკუმენტის ავტორები იხსენებენ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიხედვით.
„ხაზს უსვამენ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეჩერების შესახებ იყო სწორი. პროექტი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. რეზოლუციის პროექტი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ავტორები მოუწოდებენ ევროკომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციების პროექტებზე კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.