პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, კონფერენცია თემაზე - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. მან თავის გამოსვლაში სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვამაყობთ ბაგა-ბაღებში განხორციელებული რეფორმებით, მათ შორის, უფასო კვების უზრუნველყოფით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და სტანდარტების განახლებით. მიღწეული შედეგები ნათლად აჩვენებს პროგრესს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და აღნიშნა, რომ წარმატების საიდუმლო ერთიან ძალისხმევაშია, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი ხელისუფლება, აღმზრდელები, მშობლები და კერძო სექტორი ერთობლივად მუშაობს ბავშვის კეთილდღეობისთვის.
„ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში ყალიბდება მისი ინტერესები, ჩვევები და სამყაროს აღქმის უნარი. სწორედ ამ ასაკში იწყება ის გზა, რომელიც განსაზღვრავს, როგორი მოქალაქე, შემოქმედი და ადამიანი გაიზრდება იგი. ადრეული განათლება არ არის მხოლოდ სასკოლო პროცესის წინამორბედი, ეს არის ბავშვზე ზრუნვის, განვითარების და პიროვნულ ფორმირებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პრიორიტეტი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, კონფერენციაზე სკოლამდელი განათლების სფეროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინოვაციური მიდგომები გამოითქვა.
„განვიხილეთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლამდელ განათლებაში ქართული ფოლკლორის, საბავშვო მოთხრობებისა და მულტფილმების პერსონაჟების პოპულარიზაციას. საქართველო ვერ დარჩება გლობალური განვითარების პროცესის მიღმა, თუმცა აუცილებელია ეროვნული, კულტურული ფესვების შენარჩუნება და მათი გადაცემა მომავალ თაობებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია და თემატური მოხსენებები ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა:
• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემური გამოწვევები;
• წარმატებული პრაქტიკების გაზიარება და მათი დანერგვის შესაძლებლობები მუნიციპალიტეტებში;
• სახელმწიფო უწყებების როლი სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებაში.
კონფერენციის ფარგლებში საბავშვო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დამზადებული საბავშვო ავეჯის და განმავითარებელი სათამაშოების, სამაგიდო თამაშებისა და გამომცემლობა „შემეცნებას“ წიგნების გამოფენა გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკისა და მიღწევების გაზიარება, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება ბაგა-ბაღების გაერთიანებებს შორის.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაგა-ბაღების გაერთიანებების უფროსები, აღმზრდელ-პედაგოგები და საბავშვო ბაღის გამგეები ესწრებოდნენ.




