მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, არ მიშვებს თქვენთან ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დიქტატურა დამყარდა.

„დღეს მაფიოზური რეჟიმი მართავს მორიგ ფარსს ამ სასამართლოში. ძალიან დიდი ბედის ირონიაა, რომ მე მასამართლებენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, როდესაც ამის შემდეგ გადავდექი, წავედი არჩევნებზე, მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი პრეზიდენტის სასახლეში.

დღეს მასამართლებენ მრავალი წლის წინანდელი მიტინგის დაშლისთვის, რომლის დაშლის დროსაც არავინ დაღუპულა. მაშინ როდესაც ახლა, რუსთაველზე დგას გავეშებული პოლიციელების უზარმაზარი რაზმი, რომელიც მზადაა გაგლიჯოს მოქალაქეები. დაგეშილი, აგრესიული...თუ რაიმეს ჰქვია ძალის გადამეტება, არის ე.წ. პოლიციელების ის რაოდენობა, რაც წარმოდგენილია.

საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობა ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება.

დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დააჭერენ თითს, რა განცხადებებს გააკეთებენ. ერთი რამ ვიცი, ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. საქართველოში დიქტატურა ვერ და არ დამკვიდრდება. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არ ვართ ბელარუსები, ვენესუელელები, შეგვიძლია ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, ამიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს“-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.