თბილისი რიგით მეხუთე საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა“ -ს უმასპინძლებს. ფესტივალი რომელიც 30 მაისს დაიწყება და 2 ივნისამდე გასტანს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებაში 18 წლამდე ასაკის ბავშვები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და სამხრეთ კორეიდან მონაწილეობენ.

ფესტივალზე 52 ფილმია მოკლემეტრაჟიანი (7 წთ-მდე) წარმოდგენილი.  მათგან 10 დოკუმენტური, 12 ანიმაციური და 30 მხატვრული ნამუშევარი. ფესტივალის საკონკურსო პროგრამას შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პროფესიონალი კინოხელოვანები და გასული წლების ფესტივალების გამარჯვებული ბავშვები. ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი - ბაადურ წულაძე.

ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სცენარი, იდეა, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, გოგონას როლი, ბიჭის როლი, მხატვრული გადაწყვეტა, ანიმაცია და დოკუმენტური ფილმი. გრან-პრი გადაეცემა 2015 წლის საუკეთესო ფილმს.

საფესტივალო პროგრამა მოიცავს: საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების პრეზენტაციას, ვორქშოპებსა და მასტერკლასებს, კინოექსპედიციას, პრაქტიკულ კინო გადაღებებს და მონტაჟს, შეხვედრებს ცნობილ კინოხელოვანებთან და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს.