საქართველოში ისრაელის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტი, კანონიკური ტექსტების ილუსტრაციების გამოფენა- „სიცოცხლის ხე“, 20 აპრილს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ეროვნული გალერეის ვებგვერდზეა განთავსებული.

ექსპოზიციაზე, ისრაელის ვიზუალური არტ-სტუდიის Alma Denura–ს მხატვრების: დავით ხანანაშვილის, ელენა ნემცოვას, ნატალია კულიკოვას, ალექსანდრე ენენკოს და ანიმატორების: რომან ბუტმანისა და ვადიმ მესკინის მიერ შესრულებული , 60-მდე კანონიკური ილუსტრაცია და მხატვრული კალიგრაფიის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. 

გამოფენის კონცეფცია ებრაულ ინტერპრეტაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „სიცოცხლის ხე“ (რომელზეც საუბარია სოლომონის იგავებში) თორის სიმბოლოა. მხატვრების მთავარი მოტივი, კანონიკური ტექსტების კოლექტიური შესწავლა და მათი ილუსტრირებაა. 

თითოეული ნამუშევარი მრავალსაუკუნოვანი გამოყენების ტრადიციული მასალებით არის შექმნილი (პერგამენტი, ოქროს ფირფიტა, მელანი, გუაში) და უნიკალურ გრაფიკულ სტილს შეიცავს. 

გამოფენაზე, ასევე ანიმაცია „ჰაი“ იქნება წარმოდგენილი, რომლისთვისაც დავით ხანანაშვილმა და რომან ბუტმანმა, უძველესი ბაბილონის დამწერლობიდან უახლესი ებრაული შრიფტების ჩათვლით, ებრაული კალიგრაფიის 18 კანონიკური ვერსია შექმნეს. ციფრი 18 შემთხვევითი არ არის შერჩეული, ეს გემატრიაა (სიტყვისა ან ფრაზისთვის რიცხობრივი მნიშვნელობის მინიჭება) ბიბლიური სიტყვისა חי, რაც სიცოცხლეს ნიშნავს. 

ავტორებმა გამოფენა სიმბოლურად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ებრაულ დღესასწაულს, პასექს დაუკავშირეს. 

გამოფენა 10 მაისამდე გაგრძელდება.