ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერის, დავით ნარმანიას 2 წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის თუ საჭიროა, ხეები უნდა მოიჭრას, თუმცა სხვა ადგილას უფრო მეტი უნდა დაირგოს.

მისივე განმარტებით, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და სწორედ ის დაადგენს, კანონიერი იყო თუ არა თბილისის მერიის მოქმედება.

“ნებისმიერი მოჭრილი ხე ბუნებრივია გარკვეული ზიანია ბუნებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოცელილი ბალახი, მაგრამ ბალახს თუ არ მოცელავ თივა არ გექნება. ხეს საერთოდ თუ არ მოწრი, ვერც გზას ააშენებ, ვერც სახლს, ვერც ინფრასტრუქტურას განავითარებ.

არჩევანი ყოველთვის უნდა გავაკეთოთ დიდ და პატარა ბოროტებას შორის და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ხე იჭრება, სხვაგან უნდა დაირგოს 10-20 ხე. რაც შეეხება ყაზბეგის გამზირს, პირველ რიგში, გამოძიება დაწყებულია და თუ რამე არასწორი იყო, ამაზე პასუხსაც გასცემს. მეორე, ვიცი, რაც კეთდება იქ, იქ ცხოვრობდნენ დევნილები, რომლებიც მშენებელმა კომპანიამ გაიყვანა 14 დევნილ ოჯახს თავისი ფულით აუშენა უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი. 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია იდება, დაახლოებით 1200 საწოლიანი სასტუმრო კომპლექსი შენდება. ასეთ ინვესტიციებზე უარის თქმა, ქვეყნის განვითარებაზე უარის თქმას ნიშნავს. ზოგჯერ ასეთმა ინვესტიციებმა შეიძლება მოითხოვოს ხის მოჭრა.

იმას არ ვამბობ, რომ რაც ყაზბეგის გამზირზე მოიჭრა, კანონიერი იყო იმიტომ, რომ ამას გამოძიება დაადგენს. როდესაც ქვეყნის განვითარებისთვის ხის მოჭრა საჭიროა, უნდა მოვჭრათ ის, მაგრამ სხვაგან დარგოთ მეტი. თუ არ მოიჭრა ხე, ვერ ავაშენებთ სახლებს, არ გვექნება შეშა. რაღაც თემებს კულტად და იდეაფიქსად ნუ ვაქცევთ”, – განაცხადა სუბარმა.

The post სუბარი: როდესაც ხის მოჭრა საჭიროა, უნდა მოვჭრათ, მაგრამ სხვაგან დავრგოთ მეტი appeared first on iMtavroba.